Monday, April 23, 2012

qartuli sporti

qartuli sporti

“სამხედრო-ფიზიკური აღზრდის გარკვეული სისტემისა და მაღალი საასპარეზო კულტურის არსებობა, მათში შემავალ ფიზიკურ ვარჯიშობათა სახეებში ვარჯიშ-შეჯიბრებათა ჩატარება და წვრთნა სპეციალურ სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობათა არსებობასაც გულისხმობს და როგორც ქართული და უცხო ქვეყნების ისტორიული და ლიტერატურული პირველწყაროები ადასტურებენ, ასეთი კიდევაც არსებობდა ადრეული პერიოდიდანვე საქართველოში. აღნიშნულ წყაროებში სავარჯიშო ნაგებობათა შემდეგი სახელწოდებანია დაცული: “იპოდრომი” და “ცხენთსარბიელი”, “ასპარეზი” და “მოედანი”, “მერე”, “ფორი”, “მინდორი” და “სამღერელი”, “სათამაშო” და “სამორინე სახლი” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). პროკოპი კესარიელის მიხედვით, კოლხეთის ქალაქი აფსარე “ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით. ამჟამად აქედან სხვა არაფერი დარჩენილა, გარდა ნაშენობათა საძირკვლებისა” (გეორგიკა, ტ. 11. თბილისი, 1934 წ.). იოანე შავთელი თავის თხზულებებში არაერთხელ ახსენებს იპოდრომს და ასპარეზს: “იპოდრომსა განხმულობანი”, “ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი” და ა. შ. ასევე მნიშვნელოვანია რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ჩანაწერი იბერიის მეფის ფარსმან ქველის მხედრული მამაცობის შესახებ. კასიოსის ცნობით, II საუკუნეში ფარსმანი კეისრის თხოვნით რომს სწვევია და თანმხლებ რაზმთან ერთად მარსის მოედანზე ქართული ასპარეზობა გაუმართავს. ცხენოსნობაში თვით ფარსმანს არ ჰყოლია ბადალი (აღტაცებულ კეისარს იბერთა მეფის ცხენიანი ქანდაკების აღმართვა უბრძანებია), ჭიდაობაში კი მეფისწულ მითრიდატეს უმარჯვია _ ჯერ იქაური ფალავნები წაუქცევია, მერე კი ორი გავეშებული ხარიც დაუგდია.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ ათლეტთა გამოსაცდელად, სხვადასხვა პერიოდულობით, ხალხმრავალი ასპარეზობებიც იმართებოდა. მართალია, “ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველთა მონაწილეობა დღესდღეობით ისტორიულად დასაბუთებული არ არის, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ქართველები, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ელინთა ოლიმპიადების მსგავს სპორტულ თამაშებს მართავდნენ” (ნოდარ გუგუშვილი, “ოლიმპიური ენციკლოპედია”. თბილისი, 1997 წ.). აქ უწინარესად იგულისხმება მესხი მკვლევარ-ეთნოგრაფის ივანე გვარამიძის მიერ გაზეთ “დროებაში” (¹ 217, 1882 წლის 17 ოქტომბერი) აღწერილი ე.წ. მესხური შეჯიბრებანი, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. ავტორი მიმოიხილავს ამ შეჯიბრებათა წინა ისტორიას და გვთავაზობს ვარჯიშთა ჩამონათვალს, მათ შორის “ჭიდაობის”, “მჯიღვით ბრძოლის”, “მხარდავერდის”, “ქოფის”, “ბურთაობანის” და ა. შ. აღწერილობას. ამგვარი ტურნირების კვალი ჩანს არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებში, ცნობილი სანახაობის _ “ყეენობის” შესახებ შემორჩენილ ცნობებში: “ყეენობის პროგრამაში სხვა სანახაობათა შორის შეტანილი იყო ჭიდაობა, მუშტი-კრივი, ხის ხმლებით ფარიკაობა, შურდულით ქვის ტყორცნა” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). გორის ტრადიციულ ასპარეზობათა აღწერისას, ა. თუმანიშვილი ყეენობას ოლიმპიადას ადარებს: “დღემდე გააჩნიათ ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელიც მოიცავს რბენას, ცეკვებში შეჯიბრებას, მუშტებითა და ხის ხმლებით კრივს”. მსგავსი თამაშები საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებზე ბევრგან იმართებოდა და პოპულარულიც იყო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: “შემდგომად წირვისა... გავიდიან ასპარეზსა მეფე და წარჩინებულნი და მრავალნი ერნი, დასვიან ყაბახსა ზედა ოქროსა ანუ